,,კრიტიკული მოვლის დაფინანსებას სისტემური მიდგომა სჭირდება”

მაია მახარაშვილი: კრიტიკული მოვლის დაფინანსებას სისტემური მიდგომა სჭირდება.

DRG სისტემის ფარგლებში კრიტიკული მოვლისა და რეანიმაციული სერვისების დაფინანსება კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი საუბრობს.
მისი შეფასებით, არსებული დაფინანსების მოდელი სრულად ვერ ითვალისწინებს კრიტიკული პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებულ რეალურ ხარჯებს. განსაკუთრებით მწვავეა საკითხი დიდი, მულტიპროფილური კლინიკებისთვის, რომლებზეც ხშირად მოდის სხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან გადმოყვანილი მძიმე პაციენტების ძირითადი ნაკადი.

მაია მახარაშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არსებული ტარიფების გადახედვა, არამედ კრიტიკული მოვლის დაფინანსების ერთიანი კონცეფციის ჩამოყალიბება - მათ შორის, რეანიმაციული საწოლების საჭიროების, კლინიკების დატვირთვისა და მაღალხარჯიანი სამედიცინო მომსახურებების გათვალისწინებით.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ DRG დაფინანსების მქონე ქვეყნებში კრიტიკული მოვლისთვის ხშირად დამატებითი მექანიზმები მოქმედებს - სპეციალური კოეფიციენტები ან ცალკეული ფინანსური რესურსები, რომლებიც მაღალი დატვირთვის მქონე კლინიკებს რთული პაციენტების სათანადო და ხარისხიანი მომსახურების შესაძლებლობას აძლევს.

ჯანდაცვის ასოციაცია აღნიშნულ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს. მაია მახარაშვილის თქმით, ბოლო შეხვედრების საფუძველზე არსებობს მოლოდინი, რომ 2027 წლის ბიუჯეტში კრიტიკული მოვლის მიმართულებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების გათვალისწინება შესაძლებელი გახდება.

თუმცა, მისი შეფასებით, მხოლოდ დაფინანსების ზრდა საკმარისი არ იქნება. მნიშვნელოვანია, წინასწარ განისაზღვროს, როგორი უნდა იყოს ქვეყანაში კრიტიკული მოვლის დაფინანსებისა და მართვის მოდელი და როგორ უნდა აისახოს კლინიკების განსხვავებული დატვირთვა მათ ანაზღაურებაზე.

ჯანდაცვის ასოციაციის პოზიციით, მდგრადი დაფინანსების მოდელის შექმნა აუცილებელია იმისთვის, რომ კლინიკებმა კრიტიკულად მძიმე პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უწყვეტად უზრუნველყოფა შეძლონ.

Next
Next

კონფერენცია | სამედიცინო შეცდომების პრევენცია, მართვა და პროცესების გაუმჯობესება