როგორ იცვლება ჯანდაცვის სექტორი

საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. იცვლება როგორც სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა და ინფრასტრუქტურა, ისე პაციენტთა მიმართვიანობა, სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და კლინიკების დაფინანსების მოდელები.
2025 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში საავადმყოფოების რაოდენობა შემცირდა. ამის პარალელურად, საწოლფონდი წლიურად 1,8%-ით გაიზარდა და 15 200-მდე მიაღწია.
ასევე გაიზარდა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა - ქვეყანაში მათი რიცხვი 30-ით გაიზარდა და 2 318 შეადგინა. ზრდის ტენდენცია შეინიშნება პაციენტთა მიმართვიანობაშიც. 2025 წელს სამედიცინო დაწესებულებებში ექიმთან მიმართვის 16,8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.

ამ ფონზე საინტერესოა სამედიცინო პერსონალის სტატისტიკაც. 2025 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში 22 500 ექიმია, თუმცა მათი რაოდენობა ერთ წელიწადში დაახლოებით 1 600-ით შემცირდა. საექთნო პერსონალის რაოდენობა კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და 21 300 შეადგინა.

„ჯანდაცვის ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაია მახარაშვილის შეფასებით, მხოლოდ საწოლფონდის ზრდა ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობის სრულ სურათს ვერ გვაძლევს.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტულად რა პროფილის საწოლებზეა საუბარი და რამდენად შეესაბამება მათი რაოდენობა ქვეყნის რეალურ საჭიროებებს.

ერთი მხრივ, საქართველოში წლებია საუბარია საწოლფონდის სიჭარბეზე, თუმცა, მეორე მხრივ, გარკვეულ პერიოდებში და განსაკუთრებით სეზონური დატვირთვის დროს, კრიტიკული მოვლისა და რეანიმაციული საწოლების დეფიციტიც საკმაოდ მწვავედ დგას. შესაბამისად, მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა საკმარისი მაჩვენებელი არ არის.

თუ ახალი საწოლები იმ სერვისებს ემსახურება, რომლებზეც რეალური მოთხოვნა არსებობს, ზრდას შესაძლოა სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს. ხოლო თუ საწოლფონდი იმ მიმართულებებით იზრდება, სადაც მათი დატვირთვა დაბალია, ეს სისტემის ეფექტიანობის პრობლემაზეც შეიძლება მიუთითებდეს.

მაია მახარაშვილის შეფასებით, ამ საკითხის სრულფასოვნად გასაანალიზებლად უფრო დეტალური მონაცემებია საჭირო, მათ შორის, რა პროფილის კლინიკებსა და სერვისებში იზრდება საწოლების რაოდენობა.

კრიტიკული მოვლა ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება

ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად მაია მახარაშვილი რეანიმაციული და კრიტიკული მოვლის მიმართულებას ასახელებს.

კრიტიკული პაციენტის მკურნალობა, როგორც წესი, განსაკუთრებით მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ხშირად საქმე მხოლოდ რეანიმაციულ საწოლს არ ეხება. ასეთ პაციენტებს შეიძლება ერთდროულად დასჭირდეთ რთული დიაგნოსტიკა, ქირურგიული ჩარევა, სხვადასხვა სპეციალისტის მომსახურება და ხანგრძლივი ინტენსიური თერაპია.

საჭიროა უფრო ფართო ხედვა - განისაზღვროს, რეალურად რამდენი კრიტიკული მოვლის საწოლი სჭირდება ქვეყანას, როგორ უნდა გადანაწილდეს დატვირთვა კლინიკებს შორის და როგორ უნდა დაფინანსდეს განსაკუთრებით რთული შემთხვევები.

Next
Next

,,კრიტიკული მოვლის დაფინანსებას სისტემური მიდგომა სჭირდება”